გივი მიქანაძე: უკრაინის ინტერესები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მასთან დაკავშირებული საკითხები, ფაქტობრივად, აღიქმება, როგორც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები

“ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება ტექსტის შეჯერება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღებ დონეზე და ეს ტექსტი საგაზაფხულო სესიაზე ერთიან რეზოლუციაში აისახება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გააჟღერებს ურყევ პოზიციას უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი.

„რესურსი აშკარად არის და ამ რესურსის არსებობას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, პოლიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს უფლებები შელახული არ უნდა იყოს. შესაბამისად, ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ არანაირი აგრესია არ უნდა განხორციელდეს. ის ფაქტორი, რომ უკრაინა ჩვენთვის ახლოს მდგომი მოძმე ერი და სახელმწიფოა და რომ მისი ინტერესები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები ფაქტობრივად აღიქმება როგორც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პროცესი დღეს მოლაპარაკებებსა და განხილვებში გადავა და პოლიტიკური ჯგუფები დისკუსიას გამართავენ. ტექსტი, რომელზეც პოზიციები უნდა შეჯერდეს, ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. მზად ვართ და ღია ვართ, რომ ყველა ის ძირითადი კონკრეტული მიმართულება იქნას გათვალისწინებული, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობასთან, აგრესიის დაუშვებლობასთანაა დაკავშირებული. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება ტექსტის შეჯერება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღებ დონეზე და ეს ტექსტი საგაზაფხულო სესიაზე ერთიანი რეზოლუციის სახით აისახება. საქართველო კიდევ ერთხელ გააჟღერებს ურყევ პოზიციას უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები