ნინო წილოსანი: თუ თანხმობაზეა საუბარი, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას
“თუ თანხმობაზეა საუბარი, აუცილებლად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამის შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ, მოსახლეობის ფართო ჩართულობით, თუ ვის რა შეიძლება, ეპატიოს, როგორც პოლიტიკური, ასევე, მორალური გადმოსახედიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ პროცესის მნიშვნელობა უნდა გააცნობიეროს.
„პოლიტიკური რადიკალიზმი, მედიის მიერ შექმნილი დღის წესრიგი განსაკუთრებით უწყობს ხელს ამ რადიკალიზმს და დაპირისპირებას. რიგ შემთხვევაში, წესით ნეიტრალურ მხარედ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ამიტომ, თუ გვსურს, რომ ეს პროცესი შედეგიანად დავასრულოთ, რა თქმა უნდა, ყველა ამ კომპონენტში მონაწილე მხარემ, განსაკუთრებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ყველა სხვა მხარემ ერთობლივად უნდა გააცნობიეროს ეს პროცესი. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით არ მოხდეს არავის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა. თუ თანხმობაზეა საუბარი, აუცილებლად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ფართო ჩართულობით, თუ ვის, რა შეიძლება ეპატიოს, როგორც პოლიტიკური, ასევე, მორალური გადმოსახედიდან”, – განაცხადა წილოსანმა.