ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე – პრეზიდენტმა პარლამენტს ორი კანდიდატი წარუდგინა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შესთავაზა. ესენია: გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იგი შეეცდება, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაარწმუნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცენ. ამ მიზნით იგი აპირებს დეპუტატებს საკუთარი ხედვა და გეგმები წარუდგინოს.

„ჩატარებული არჩევნები დიდ იმედს მიქმნის იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერილი იქნება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ცესკოში განსახორციელებელ რეფორმებს შესთავაზებს. თევზაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჭიროა, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ნდობა დაუბრუნდეს.

„აუცილებელია შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობა დაუბრუნდეს. მე ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გავმართავ შეხვედრებს და ავუხსნი იმ მინიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში განხორციელდება“, – აღნიშნა თევზაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები