„ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას აქცენტირება, ძირითადად, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება“ – ირაკლი ლექვინაძე

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტების მოხმარება საკმაოდ მაღალია. მისი თქმით, ეს სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა.
როგორც ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას აქცენტირება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება.

„ბაზარზე რამდენიმე მოცემულობა ვნახეთ, კერძოდ: ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში მედიკამენტების მოხმარება არის საკმაოდ მაღალი და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი – როცა ხდება დანიშულების გამოწერა, ძირითადად, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აქცენტირება ხდება. ეს მედიკამენტების მოხმარებას აძვირებს. მეორე – ასევე, ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკიც ინიშნება. ეს მაგალითები კვლევის პროცესში გვქონდა.
რიცხვებს რომ შევხედოთ ბოლო 4 წელიწადში, საქართველოში მედიკამენტების 90%-ის იმპორტირება ხდება, ხოლო ადგილობრივი წარმოება 9-10%-ის ფარგლებშია, თუმცა, ნედლეული იქაც იმპორტირებულია. ბოლო 4 წელიწადში იმპორტის ღირებულება საქართველოში გაზრდილია ლარში 40%-ით, ხოლო დოლარში, დაახლოებით, 7%-ით. 33%-იანი სხვაობა გამოწვეულია კურსთაშორის სხვაობით და სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯით. თუმცა, დოლარშიც რომ შევხედოთ, მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტების მოხმარება საქართველოში მზარდი იყო”, – განაცხადა ლექვინაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები