რატომ არის ძვირი მედიკამენტები საქართველოში და რა შედეგს მოგვცემს  თურქეთის ბაზრის გახსნა –  „კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის განმარტება

“თურქული ბაზრის გახსნას   ძალიან მნიშვნელოვანად ვაფასებთ.  იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უფრო მეტ კონკურენციას უზრუნველყოფს”,  – ამის შესახებ   „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  თურქული ფარმაინდუსტრია  ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.

„გუშინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა  2 მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა. ეს ეხმიანოებოდა იმ პროცესს, რომელიც პერმიერის მიერაა დაწყებული და გულისხმობს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებას, უფრო მეტ გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობის მიღწევას, მისი მიზანი მოქალაქეებისთვის  პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებაა. ერთი ინიციატივა ეხებოდა უშუალოდ  იმ ნაწილს, რაზეც „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“  ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა  და  დავალება იქნა გაცემული, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც რეგულაციების პაკეტი მომზადდება. თუ რა უნდა იყოს ეს რეგულაციები, ეს ჩვენი მონიტორინგის ანგარიშშია აღწერილი. გაცემულია 13 რეკომენდაცია,  მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ    ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე  დანახარჯების შემცირება მოხდება.

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არ იყო  პირდაპირ ჩვენს მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებული, მაგრამ ეს ასევე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს გულისხმობდა თურქული  ბაზრიდან აღიარების რეჟიმის შემოტანას, რომლის მიხედვითაც  პარალელური იმპორტი ხდება შესაძლებელი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თურქული ფარმაინდუსტრია  ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობებია.  გუშინ კომპანიების მხრიდანაც იქნა გაკეთებული საკმაოდ კარგი განცხადებები, რომ ისინი იმპორტის მიმართულებებს დაამუშავებენ და ძალიან მალე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება.

მართალია, თურქული ბაზრის გახსნის ნაწილი არ ყოფილა ჩვენი მონიტორინგის შეფასების ნაწილი, თუმცა, ამას ძალიან მნიშვნელოვანად ვაფასებთ. ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უფრო მეტ კონკურენციას უზრუნველყოფს.

გუშინ მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ GMP სტანდარტი ამ ქვეყნიდან მედიკამენტების იმპორტის ნაწილში მთავარი,  მნიშვნელოვანი პარამეტრი იქნება.  GMP სტანდარტი მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, თუ ამ სტანდარტს ფლობს კომპანია, ეს ნიშნავს იმას, რომ ის  ხარისხიან მედიკამენტს აწარმოებს.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  იაფიანი მედიკამენტი საქართველოში უხარისხო მედიკამენტს არ უნდა ნიშნავდეს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით,   სააგენტოს მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე   მედიკამენტების მოხმარება  საკმაოდ მაღალია.

„რაც შეეხება ჩვენს მონიტორინგს: პარლამეტის დავალებით, „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული ბაზრის მონიტორინგი 2019 წელს დაიწყო.   შევაფასეთ 2016 -2020 წლის პერიოდი, ვითანამშრომლეთ აბსოლუტურად ყველა ფარმაცევტულ კომპანიასთან. შეფასდა ბაზარზე არსებული კომპანიების მდგომარეობა და მათი პოზიციონირება. შევარჩიეთ 6 ყველზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჯგუფი. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფასწარმოქნის ანალიზი გაგვეკეთებინა. ასევე, შევაფასეთ, რამდენად არის კანონმდებლობა თანხვედრაში კონკურენციის  პრინციპებთან.

მივედით რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე. ბაზარზე რამდენიმე მოცემულობა ვნახეთ, კერძოდ: ერთ სულ მოსახლეზე  საქართველოში მედიკამენტების მოხმარება არის საკმაოდ მაღალი. როცა ხდება დანიშულების გამოწერა,  ძირითადად, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აქცენტირება ხდება. ეს  მედიკამენტების მოხმარებას აძვირებს. ასევე, ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც.   არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკიც ინიშნება. ეს მაგალითები გვქონდა“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მანვე განმარტა, რა ზრდის საქართველოში მედიკამენტებზე დანახარჯებს.

„ვინ არიან იმპორტში წამყვანი კომპანიები – 3 დომინანტი კომპანიაა. ესენია  „გეფა“, „პე ეს პე“ და “ავერსი“.     გარდა იმისა, რომ გვყავს დომინანტი კომპანიები, ეს კომპანიები ჰოლდინგური სტრუქტურებით ხასიათდებიან. ვიცით, რომ არიან ლიდერი კომპანიები, რომლებიც  იმპორტს, დისტრიბუციას, ფარმაცევტულ ქსელს, კლინიკებს, დაზღვევას, ადგილობრივ წარმოებას ფლობენ. ეს ნაწილიც შევაფასეთ:  ხომ არ იყო ეს ჰოლდინგური სტრუქტურა პრობლემური მომხარებელთან  მიმართებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ბაზარზე გვაქვს ჯგუფური დომინირების მოცემულობა, ჰოლდინგური სტურქტურები, დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული სისტემური საკითხები და კონტროლის მექნიზმები  კარგად არ მუშაობს, ჰოლდინგური სტრუქტურები  ატარებენ უფრო მეტად კომერციულ ინტერესს, ვიდრე – მოქალაქეზე საუკეთესო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ანუ ეს რას ნიშნავს: ჩემს იმპორტირებულ წამალს, ჩემ მიერ წარმოებულ წამალს გაყიდვების დროს ჩემს ქსელში ვუჭერ მხარს, მაგალითად, ჩემს კლინიკაში.  გაყიდვების სტრუქტურა რომ ვნახეთ, ასეთ ჰოლდინგურ სტრუქტურაში საკუთარი მედიკამენტების რეალიზაციის წილი 50 %-ზე მეტია.

საბოლოოდ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი არის მაღალკონცენტრირებული და გამოირჩევა რეგულაციების სიმწირით. ზოგადად, ევროპული ქვეყნები რომ ვნახოთ,  იქაც ფარმაცევტული ბაზარი, ზოგადად, მაღალკონცენტრირებულია, დარგი   ინვესტიციატევადია. მაგრამ იქ არის იმდენად მკაცრი და ცხადი რეგულაციები, რომ მოქალაქეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უფრო მეტია.

მე ჰოლდინგურ სტრუქტურებზე ვისაუბრე, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს მთავარი პრობლემა არ არის. მთავარ პრობლემას ვხედავთ სისტემური საკითხების არათანმიმდევრულ კონტროლსა და ეფექტიან აღსრულებაში. კერძოდ,  დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, არ მუშაობს რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკა. ამას ხმამაღლა ვამბობთ. არის საუბარი იმაზე, რომ არის მაღალმარჟიანი და დაბალმარჟიანი მედიკამენტები. დასახელებული იყო 300-400 % და ა.შ. მსხვილი კომპანიების საშუალო მარჟა არის 7-25 %- ის ფარგლებში, რაც ნორმალურია. მაგრამ გვყავს მცირე იმპორტიორი კომპანიები,  რომელთა მარჟები არის 200-300 %, ზოგჯერ ერთი  დასახელების მედიკამენტი შემოაქვთ, მაგრამ მარჟა 1 000 %-მდეც კი ადის და რატომ:  მათ გარანტირებული გაყიდვები აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე არსებობს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, როდესაც იმპორტიორი კომპანია გარიგებაშია რეცეპტისა და დანიშნულების გამომწერთან, რეცეპტის და დანიშნულების გამომწერი კონკრეტულ მითითებას აკეთებს იმ მედიკამენტზე, სადაც ფინანსური დაინტერესება აქვს. ხშირ შემთხვევაში უთითებს მედიკამენტის კონკრეტულ ბრენდულ დასახელებას, კონკრეტულ ქსელს, მისამართს, სადაც შეიძლება – ეს მედიკამენტი იქნას აღებული.

ჩვენი მონიტორინგის ანგარიში მოკლედ რომ შევაჯამოთ: მთავარი პრობლემა საქართველოში  არის რეცეპტისა  და დანიშნულების პოლიტიკის დღევანდელი სისტემა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ანგარებიანი გარიგებები რიგ მცირე იმპროტიორებსა და რეცეპტის /დანიშნულების გამომწერ სუბიექტებს შორის, რაც, საბოლოოდ,  მედიკამენტებზე დანახარჯებს გვიძვირებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რეცეპტი აუცილებლად ელექტრონული უნდა იყოს.

„რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეს სისტემა გამართული იქნას, ჩვენი რეკომენდაციები ამ მიმართულებითაა  გაცემული. არის პირველი რიგის ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია – სწრაფად გადაიდგას. აქ 11 რეკომენდაცია შედის.  ასევე, შემდგომი ეტაპის 2 რეკომენდაცია გვაქვს.  პირველი ეტაპის რეკომენდაციაში ყველაზე მთავარია საქართველოში რეცეპტის და დანიშნულების სისტემის ფორმირება. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში რეცეპტი აუცილებლად ელექტრონული უნდა იყოს, რათა მაკონტროლებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მედიკამენტების გამოწერა ხდება, რა დანიშულებით და  ვის მიერ. მედიკამენტი უნდა იყოს ჯენერიკული. უნდა მოხდეს მედიკამენტის დანიშვნა არა კონკრეტული ბრენდული დასახელების დონეზე, არამედ მისი  შეთავაზება ზოგადი ჯგუფის დასახელების, აქტიური ნივთიერებების  დონეზე.  უნდა იყოს მედიკამენტის რამდენიმე  ალეტრნატიული ჯენერიკული შეთავაზება. მაგალითად: არის „ცეფტრიაქსონის“ ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომელიც რამდენიმე დასახელებით იყიდება, ფასებიც მრავალფეროვანია. აქტიური ნივთიერებების შემცველობა იგივეა. მაგალითად, საქართველოში გვაქვს „ცეფტრიაქსონი“  შვეიცარიული წარმოების „როცეფინის“ დასახელებით, 28 -ლარიანი , გვაქვს ეგვიპტური, ასევე, 28- ლარიანი,  ფრანგული, იტალიური, კვიპროსული  და ბრიტანული დასახელების 8-დან 14  ლარამდე დიაპაზონში. ასევე, გვაქვს ქართული და  ბელარუსული წარმოების, დაახლოებით, 1-დან 3 ლარამდე. პირველ ეტაპზე, ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი. ამასთანავე, გაიდლაინების სრულყოფა უნდა მოხდეს.  დანიშნულების გამომწერს რომ არ ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება და არ თქვას , რომ შვეიცარიული „როცეფინი“ და ფრანგული „ცეფტრიაქსონი“ ერთსა და იმავე შედეგს არ იძლევა.

საქართველოში იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხოს არ უნდა ნიშნავდეს. ამიტომ, ჩვენი პირველი რიგის რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ქვეყანაში GMP სტანდარტი უნდა არსებობდეს როგორც იმპროტის, ასევე, ადგილობრივი წარმოების დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ  თუ  იაფფასიან მედიკამენტებზე მოთხოვნა იზრდება, ეს მედიკამენტები უხარისხო არაა და  GMP  სტანდარტს  აკმაყოფილებს”, – განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, რაც საქართველოში მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს.

„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე.

 

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები