„გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს მთავრობას ეკისრება ქვეყნის წინაშე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილის განცხადებით, მას როგორც მთავრობის მეთაურს, კარგად აქვს გაცნობიერებული ის მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც მის გუნდს ეკისრება ქვეყნის წინაშე.
“დღეს მე მაქვს პატივი, წარვდგე თქვენ წინაშე, მას შემდეგ, რაც ჩაიარა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გამოწვეულმა საყოველთაო სადღესასწაულო განწყობამ. ახლა უკვე გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სასწრაფო და გადაუდებელ შესრულებას საჭიროებს.
მე, როგორც მთავრობის მეთაურს, კარგად მაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ახლა ჩემს გუნდს, ჩვენს მთავრობას ეკისრება ქვეყნის წინაშე.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, და წელს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას” და ეს არის უდიდესი ნდობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოგვიცხადა.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას და დღეს გვეძლევა უნიკალური შანსი უკვე ჩვენი საქმიანობით, მთავრობის წარმატებული მუშაობით და ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციით, ქვეყნის საბოლოო მოდერნიზაციით ახალი თავი ჩავწეროთ საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ახალი ისტორიის შექმნაში.
“ჩვენ გვესმის ამ ეპოქის მნიშვნელობა. ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას, ვინც ამ დარბაზში ვსხედვართ, და მათაც, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის შექმნაში. დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან მოგიწოდოთ ყველას – მეგობრებო, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ეს ისტორიული შანსი და ყველამ ერთად ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება და შრომა ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და აყვავებას, ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ქცევას მოვახმაროთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.