ალეკო ელისაშვილი: ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ

“ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი ვიქნებით”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს თუ მსვლელობა მიეცა, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნება.

“თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამ ვითარებასთან. ჩვენ როგორც ნიკა მელიას, ასევე, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი ვიქნებით. ერთადერთი, მხარი დავუჭირეთ მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, რადგან ამას თავად ითხოვდნენ. თუ ადამიანს არ უნდა, პარლამენტის წევრი იყოს, ძალით ხომ არ დააბამ? ერთია, ხაზარაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტური იყო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები