“მძიმე დისკუსია გაიმართა, მხოლოდ უკრაინასა და ალიანსის 30 ქვეყანას შეუძლია, გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ეს ქვეყანა ალიანსის წევრი” – ბრიუსელში შეხვედრა დასრულდა

მძიმე დისკუსია გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ევროპის უსაფრთხოების საკვანძო მომენტში და მხარეებს შორის სერიოზული უთანხმოება რჩება, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ევროპის უსაფრთხოების საკვანძო მომენტში ეს იყო რთული დისკუსია, მაგრამ ამან შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. შედგა ძალიან სერიოზული და პირდაპირი აზრთა გაცვლა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. არსებითია უთანხმოება რუსეთსა და ნატო-ს შორის ამ საკითხებზე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთმა მოუწოდა ნატო-ს, უარი ეთქვა უკრაინის მიღებაზე, ალიანსმა უპასუხა გაფართოებაზე კომპრომისზე უარის თქმით. სტოლტენბერგის თქმით, მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს 30 ქვეყანას შეუძლია, გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ეს ქვეყანა ალიანსის წევრი, რუსეთის ფედერაციას ვეტოს უფლება არ აქვს.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატო-მ უთხრა რუსეთს, რომ ხედავს რუსული ჯარების კონცენტრირებას უკრაინის საზღვარზე.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ნატო-ს წევრები ძალისხმევას არ დაიშურებენ წინსვლისთვის პოლიტიკური გზების მოსაძებნად.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო და რუსეთის ფედერაცია აპირებენ ახალი შეხვედრების გამართვას წვრთნების გამჭვირვალობის, კიბერუსაფრთხოების დონისა და შეიარაღების კონტროლის გაზრდის მიზნით.

მისი თქმით, ნატო არ თვლის, რომ გაფართოება არის აგრესიული აქტი, რადგან ის ავრცელებს დემოკრატიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები