ყაზახეთს ახალი მთავრობა ჰყავს – პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი უკვე დაამტკიცა
ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერი იყო. ასევე, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის სამინისტროებს.
თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა. ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.
ცნობისთვის, 10 იანვარს ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. მანამდე კი, მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.