მიხეილ სარჯველაძე: შალვა ნათელაშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია
“ეს არის დისკრიმინაციული განცხადება, მაგრამ უფრო მძიმეა, ვიდრე უბრალოდ დისკრიმინაციული. კატეგორიულად მიუღებელია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები გასაკიცხია.
„ეს არის დისკრიმინაციული განცხადება, მაგრამ უფრო მძიმეა, ვიდრე უბრალოდ დისკრიმინაციული. კატეგორიულად მიუღებელი რამაა, რასაც არავითარ შემთხვევაში არცერთი პოლოტიკოსი არ უნდა კადრულობდეს. ბნელი შუასაუკუნეების დროინდელი რაღაც მოსაზრებებით, უაზრო განცხადებებით არ უნდა გამოდიოდეს. არ ვიცი, რაში შეიძლება, გამოიხატებოდეს პოლიტიკოსის მხრიდან პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, როდესაც მოწყვლად ჯგუფებზე გვაქვს საუბარი. ასეთი განცხადებების ფონზე, ჩემთვის გაუგებარია. იმდენად მიუღებელი რამ არის, რომ ამის კომენტირებაც არ ღირს, ეს გასაკიცხი საქციელია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება უნდა ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.