დავით სერგეენკო: აქამდე, „ნაცმოძრაობის“ დომინანტი თემა იყო დაუმორჩილებლობა, აქციები – თუ სტრატეგია შეიცვლება, მივესალმები

პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო „ნაციონალურ მოძრაობაში” განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტი თემა იყო დაუმორჩილებლობა და აქციები, ხოლო თუ სტრატეგია შეიცვლება, ამას მხოლოდ მიესალმება.

„ჯერ უნდა ვნახოთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებები მათ პროგრამაზე, მათ ხედვებზე იმოქმედებს თუ არა და თუ იმოქმედებს – როგორ. ამის შემდეგ შეიძლება, შეფასება. ჩემი შეხედულებით, ეს ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ არეულობის სცენარი, რისკენაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მზაობა მიდიოდა, რეალურად, არ განხორციელდა და ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ტაქტიკა შეიცვალოს. ნიკა მელია იქნება თუ ვიღაც სხვა, შეიძლება, რაღაც მცირედი შეიცვალოს, მაგრამ, როგორც წესი, ძირითადი ხაზი იგივე რჩება ხოლმე, მე არ ვიცი, ეს ცვლილებები გამოიწვევს თუ არა ძირითადი ხაზის ცვლილებას. აქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტი თემა იყო დაუმორჩილებლობა, აქციები, ესკალაცია, ძალმომრეობა, ვადამდელი არჩევნები, შეჭრები და ა.შ. თუ ეს სტრატეგია შეიცვლება და ისინი რაღაცნაირად მონახავენ თავიანთ თავებში ძალას, რომ იფიქრონ და იმუშაონ იმ ქვეყნის ფეხზე სწრაფად დადგომისთვის, რომელიც, მთელს მსოფლიოსთან ერთად, ასეთ მძიმე ვითარებაშია, ამის ხედვას თუ ჩამოაყალიბებენ, ამას მართლა მივესალმებოდი“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვლა. პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები