დავით ზალკალიანი: ის ფაქტი, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებსა და საჯარო გამოსვლებში, მიანიშნებს პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობაზე

„ის ფაქტი, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის, საჯარო გამოსვლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის უაღრესად პრიორიტეტული,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, მისივე შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა.

მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია. საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, საუბრისას დეტალურად იქნა განხილული რუსეთსა და ნატო-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ ნატო არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები