აკაკი მინაშვილი: ქვეყანა გამოსაყვანია რთული ვითარებიდან
“ვისმენთ ყველა მოსაზრებას, ვმუშაობთ ისეთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური საბჭო დღეს სწორედ ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა რთული ვითარებიდანაა გამოსაყვანი.
„პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ძალიან მწვავე საკითხია გადასაწყვეტი – ქვეყანა გამოსაყვანია რთული ვითარებიდან. ვხედავთ, რომ წინსვლის და განვითარების პერსპექტივა არ ჩანს ამ ვითარებისა და ამ ხელისუფლების პირობებში. ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მეტი ორგანიზება, მეტი თანმიმდევრული ნაბიჯები იმისათვის, რომ ცვლილებები მოვახდინოთ, რათა ქვეყანას გაუჩნდეს წინსვლის და განვითარების შანსი. პირველ ყოვლისა, ამისათვის საჭიროა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის და ჩატარდეს არჩევნები. ამისათვის მნიშვნელოვანია პარტიული აქტივობა, ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია. ამ დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” ვაანალიზებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც გვქონდა შარშან, მათ შორის, იმ ხარვეზებს რაც შეიძლება ყოფილიყო”, – აცხადებს მინაშვილი.