ირაკლი ზარქუა: „ამერიკის ხმის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე ახალი რეიტინგი დაიდო ყოვლად მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ კვლევას – „საქართველში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ამერიკის ხმის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე ახალი რეიტინგი დაიდო ყოვლად მიუღებელია.

„რეალობა ის არის რომ ეს არის 2020 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის 3 მარტს. ერთი ქულით იყო საქართველოს რეიტინგი დაწეული და დაიწერა რატომ. 2020 მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, იყო გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც შეეხო მოქალაქეებს. ამ თემის ახლა წამოწევა, თითქოს რაღაც ახალი რეიტინგი დაფიქსირდა, რაც გუშინ მოხდა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მხრიდან ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია. სწორედ ამიტომ მოუწიათ დღეს ბოდიშის მოხდა. სხვა დროსაც, როდესაც ასეთი არაადეკვატური და არაგულწრფელი დამოკიდებულება გაჟღერდება მედიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ ორგანიზაცის მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა“ – ამ სათაურით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ამერიკის ხმა მკითხველს ბოდიშს უხდის. სტატია, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეყრდნობა დღეს უკვე შესწორებით იწყება და მასში ნათქვამია, რომ „ სტატია ეფუძნება „ფრიდომ ჰაუსის” 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს“. „ამერიკის ხმის“ რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები