ვიქტორ დოლიძე: მინისტერიალზე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება

იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება; მოსალოდნელია, როგორც შეხვედრები, ასევე ვიზიტები, სატელეფონო საუბრები, ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მინისტერიალზე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება და საქართველო და უკრაინა რომ გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს მათი გადასაწყვეტია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის.

„გუშინ ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი გაიმართა და ამ მინისტერიალმა ძალიან მკაფიოდ გასცა პასუხი, თუ სად ვიმყოფებით ჩვენ. მინისტერიალზე ერთხმად აღინიშნა, რომ არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამართალი, ნორმები და პრინციპები, რასაც რუსეთი ასე უტევს და უნდა ახალი სამართლებრივი მოწყობა განახორციელოს მსოფლიოში. ეს არ მოხდება, ისევე როგორც ის გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება სუვერენული ქვეყნების გადაწყვეტილებებს, თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდებიან ისინი, ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინას უკავშირდება. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება და საქართველო და უკრაინა რომ გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს მათი გადასაწყვეტია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. ეს გუშინდელ მინისტერიალზე ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძის თქმით, გასულ კვირაში კონსულტაციები ჰქონდათ ნატოელ პარტნიორებთან, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა გუშინდელ ბრიფინგზე.

„მე მქონდა პირადად შეხვედრა „ბუქარესტცხრიანის“ ფორმატის ფარგლებში, მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნები შედიან, მივაწოდეთ ინფორმაცია მინისტერიალამდე, თუ რა იყო ჩვენი ინტერესი. უპირველესად, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ურყევი დაცვა და სუვერენიტეტი; ამავე დროს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგულება. არა მხოლოდ ამ ცხრიანს, არამედ სხვა ელჩებსაც, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვები, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დაუყენებიათ ის საკითხი, გადაიხედება თუ არა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი“, განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები საქართველოს უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან.

„იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება; მოსალოდნელია, როგორც შეხვედრები, ასევე ვიზიტები, სატელეფონო საუბრები. ბრიუსელში ჩვენი მისიაა, ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა დელეგაციასთან. გასული კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არდადეგებია, ნატო-ს პრაქტიკულად არ დაუსვენია; უმთავრესი საკითხი იყო სწორედ რუსეთი, უმთავრესი საკითხი იყო სწორედ კონსულტაციების გამართვა. არ შეიძლება, არ აღვნიშნო უკრაინელებთან ჩვენი კოორდინირებული რეჟიმი; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ნებისმიერ ნაბიჯს, ისევე, როგორც უკრაინელები, ასევე ჩვენ, საქართველოს დელეგაცია, ვდგამთ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რათა უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ჩვენ ახლა ერთ ნავში ვსხედვართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთის გარეშე რაღაც გაუგებრობები არ წარმოიშვას. ამიტომ ეს შეხვედრები გაგრძელდება,“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ერთგულები რჩებიან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და მხარს უჭერენ უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები