მიხეილ დაუშვილი – სააკაშვილის ინიციატივაზე: ამოცანა ერთ ადამიანზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებაა
პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის იმ ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს – არ აპირებენ.
მიხეილ დაუშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები ვიწროპარტიულია.
“გაუგებარია, საერთოდ საპარლამენტო კომისიამ როგორ შეიძლება, ჩაანაცვლოს რომელიმე ორგანო, პარლამენტის ფუნქცია არის საზედამხედველო ფუნქცია და არა კონკრეტული აღმასრულებელი, ან საგამოძიებო ფუნქციის განხორციელება. მათი ამოცანა არის სწორედ ერთ ადამიანზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირება, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, თორემ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი დიახ, დიდი პრობლემა, გამოწვევა და რისკია ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება. მათი მოქმედებები ორიენტირებული არის არა მოქალაქეების და სახელმწიფოს პრობლემეზე და ინტერესებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი”, – აღნიშნა დაუშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყოს. ამასთან, სააკაშვილმა მიმართა გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ იდეას.