ხაზარაძე: “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა
პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხი შეერთებული შტატების საელჩოს, რუსეთისა და პრორუსული ძალების წახალისებაა.
მისი თქმით, კობახიძის მხრიდან ასეთი კომენტარები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.
“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის”, – წერს მამუკა ხაზარაძე.