პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან, მისი თქმით, ეს კომისია მხოლოდ იმას დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“სპონტანურად რომ გიპასუხოთ, მე პირადად შეიძლება, არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის. თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიცია შეიძლება ეს (კომისიის შექმნა) არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არ არსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.