ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს, ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს.

კობახიძის თქმით,  მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.

“ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ასე შემდეგ, თუმცა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის გამართლება და ახსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება განცხადების შინაარს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, აქ არის არაერთი უზუსტობა.

“მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახურის გაუქმება არ მომხდარა, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა”, – თქვა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს ეხმიანება და ხაზს უსვამს, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

საელჩოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხრა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები