“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ორი პირობით დაუჭერს, თუმცა, “გირჩის” წევრები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
3 იანვარს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს მის მიმართ შესაძლო არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნა სურს.
“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას – როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მხარს დაგვიჭერენ და მეორე, მათი ტელეარხების მეშვეობით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ ქოცების მეგობრები, მათთან შეკრული და ა.შ. ეს ორი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ “ნაციონალურ მოძრაობას” თავის ამ საქმეში, თუმცა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.