იან კელი: საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის

საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი “ტვიტერზე” წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.­

“მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი შემოწმების გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში”, – წერს კელი “ტვიტერზე” და საელჩოს შესაბამის განცხადებას აზიარებს.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები