“საქართველო “3+3″-ის პლატფორმის შეხვედრას არც თურქეთში დაესწრება” – ელჩი

საქართველო “3+3”-ის პლატფორმის ფარგლებში შეხვედრას, რომელიც  თურქეთში გაიმართება – არ დაესწრება.

ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ Daily Sabah-თან საუბარში თქვა.

“საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3-ის შეხვედრას”, – თქვა ჯანჯღავამ.

თურქული მედიის ცნობით, დიპლომატმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც სტრატეგიულ პარტნიორებად აღიქვამს, სომხეთს “ისტორიულ და კარგ მეზობლად”, ეს სამეზობლო, სახლია ირანისთვისაც.

მაგრამ ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ “რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს”.

ცნობისთვის, “3+3” ფორმატის პირველი შეხვედრა გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ.

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “3+3” პლატფორმაში საქართველოსთვის “კარი ღია” რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები