“ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს მაგიდასთან ადგილს, დროა, ეს პირობა შევასრულოთ” – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენის წერილშია ნათქვამი, რომელიც გამოცემა Politico-ში გამოქვეყნდა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-მ არავითარ შემთხვევაში და არცერთი პირობით არ უნდა გასცეს რაიმე სახის გარანტია ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„რუსეთს უკვე აქვს მოწერილი ხელი 1999 წლის ეუთო-ს ქარტიაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ „ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, ალიანსების შეთანხმებები. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია. კონფლიქტებისა, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს.

ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა, მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი დაპირება შესრულდეს. თუ საჭიროა, ეს შესაძლოა, გავაკეთოთ იმ პირობით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი ფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელსაც თბილისი და კიევი აკონტროლებენ. თუმცა ერთი ცხადია, ნატო-ს არ შეიძლება, ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია“, – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები