ჟურნალისტი და პოეტი იზა ჯაჭვაძე გარდაიცვალა
30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა (ინსულტით) ქართველი პოეტი, ჟურნალისტი იზა ჯაჭვაძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლეილა არჩემაშვილი ავრცელებს.
იზას მწერლური ნათლობა 1975 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ნობათში” პირველი ლექსები გამოაქვეყნა.
ქართველი მკითხველის მოწონებით მუდამ სარგებლობდა იზა ჯაჭვაძის პოეტური (,,სახლობანას თამაში”, „გვედრებ”, „ცრემლის ყელსაბამი”) და პუბლიცისტური („მიყვარხარ, მთაო ტიალო”, „მთაში დაისის შემოდის ფერი”, „ნისლივით მთასა ვკიდივარ”) კრებულები.
იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთების: ,,ახალგაზრდა კომუნისტის”, ,,კომუნისტის”, ,,საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციებში. იყო დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი გაზეთ „კავკასიისა”.
იზას ღვაწლიც დაუფასდა: მინიჭებული ჰქონდა ნიკო ნიკოლაძის, გაბრიელ ჯაბუშანურის, ვაჟა-ფშაველას,
„საქართველოს რესპუბლიკის” პრემიები. 2004 წელს ,,საპატიო ჩარგლელად” აირჩიეს.
იზა ჯაჭვაძის სცენარით გადაიღეს სატელევიზიო ფილმები:„სტორის ხეობა”, „პანკისელი ქისტები”, „ჭიჭყვის ხეობაში”.