ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდა
დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.