,,კემბრიჯში ყველა პირობაა საუკეთესო განათლების მიღებისა და აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის’’ – ნიტა გეგეშიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი ნიტა გეგეშიძე თავისი მიღწევებისა და გეგმების შესახებ ინტერვიუში საუბრობს.

ნიტა, თქვენ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი და მიმდინარე წლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული ხართ. მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ.

კემბრიჯის უნივერსიტეტში განვითარების ეკონომიკისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე (MPhil in Development Studies) სწავლა ინტელექტუალური გამოწვევებით, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ურთიერთობითა და ამ სფეროში დამწყებ პროფესიონალებთან დისკუსიებითაა სავსე. განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა კრიტიკულად გამეაზრებინა XXI საუკუნეში განვითარების პოლიტიკის წარმოების გავრცელებული მეთოდები და ახლებურად შემეხედა განვითარების არსებული მოდელებისა და მათ განხორციელებაში ინსტიტუციონალური აქტორების როლისთვის. განსაკუთრებით ღირებულია ამ ცოდნის მიღება ინსტიტუციონალური პოლიტიკური ეკონომიკის ისეთი წამყვანი ეკონომისტებისაგან, როგორიცაა, მაგალითად ჰა-ჯუნ ჩანგი.

არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა ჩემს კურსელებთან ურთიერთობა; ჩვენი საუბრები ხშირად აუდიტორიებიდან კემბრიჯის პაბებსა და ბარებში გადაედინება, სადაც პერიოდულად, პროფესორებიც გვიერთდებიან ხოლმე. კემბრიჯი სტუდენტებისთვის ძალიან კომფორტული ქალაქია; აქ ყველა პირობაა აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის. ლონდონთან სიახლოვე კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ გარემოს.

გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება? რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?

სასტიპენდიო კონკურსის მსვლელობისას, თითოეულ ეტაპზე მქონდა შერჩევითობის პროცესის სამართლიანობის აღქმა და კონკურსის გამჭვირვალობის მიმართ სრული ნდობა. აშშ-ში საბაკალავრო განათლების მიღების პერიოდში, არაერთ სტაჟირებისა თუ სტიპენდიის კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. გამჭვირვალობის ხარისხი და ობიექტურობის იგივე სტანდარტი ვიგრძენი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობისას. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გასაუბრების ეტაპი, სადაც საშუალება მომეცა განმევრცო და დეტალურად განმემარტა ის იდეები, რომლებიც ვერ მოხვდა ჩემს სამოტივაციო წერილში. შევნიშნე, რომ შემფასებლებმა საქმიან ატმოსფეროსთან ერთად, შექმნეს თავისუფალი სივრცე ღია და კონსტრუქციული საუბრისთვის.

მომავალ კონკურსანტებს ვურჩევ გამოიყენონ განაცხადის შევსების და გასაუბრების ეტაპები, როგორც შესაძლებლობა, გულწრფელად გადმოსცენ თავიანთი ღრმა ინტერესი არჩეული აკადემიური დარგის მიმართ. ამასთანავე, ვურჩევ დაგეგმონ და სიღრმისეულად გაიაზრონ, თუ როგორ სურთ გამოიყენონ საზღვარგარეთ მიღებული განათლება სამომავლო აკადემიური ან/და კარიერული გეგმების შედგენაში. სტიპენდიანტებს კი ვურჩევ, სწავლასთან ერთად მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა გაეცნონ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, სადაც ისწავლიან, გაიჩინონ მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩამოაყალიბონ ღირებული კავშირები აკადემიურ თუ პროფესიულ წრეებში.

 თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში   და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?

 იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ ადრეც მისწავლია, საბედნიეროდ, ამჯერად სირთულეები არ შემქმნია. თუმცა, კარგად მახსოვს ის კულტურული შოკისა და ნოსტალგიის ეტაპები, რაც უცხოეთში თავდაპირველად სწავლის დაწყებისას გავიარე. სირთულეები შესაძლოა კულტურული ან ენობრივი ბარიერების გადალახვასთან იყოს დაკავშირებული. ადგილობრივი განათლების სისტემის თავისებურებებთან შეგუება და დროის სწორად გადანაწილების სწავლაც შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ სირთულეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი ამ დაბრკოლებებს შევხედავთ როგორც გამოწვევას, მათ უფრო სწრაფად და მარტივად გადავლახავთ.

კემბრიჯის უნივერსიტეტში აკადემიურ ინტერესსა და მისწრაფებებს რომ დავიკმაყოფილებდი, ამის მოლოდინი იმთავითვე მქონდა. რამაც გასულ სემესტრში სასიამოვნოდ გამაოცა იყო კემბრიჯის სხვადასხვა კოლეჯებში ე.წ. “Formal Dinner”-ის ტრადიცია. ამ ვახშმებს სტუდენტები ტრადიციულ მანტიებში გამოწყობილნი ვესწრებით, რაც ერთი შეხედვით ჰოგვორტსში გამართულ ვახშამს მოგაგონებთ. ვინაიდან, კემბრიჯი დიდი უნივერსიტეტია, სწორედ ამ ღონისძიებებზე გვეძლევა საშუალება გავიცნოთ სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან და კოლეჯებიდან. ჩემს კოლეჯში (Christ’s College) გამართულმა საშობაო ვახშამმა წელს განსაკუთრებით სასიმოვნო მოგონებები დამიტოვა.

ნიტა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დიდი სურვილი მაქვს სამაგისტრო პროგრამაზე შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები მოვახმარო საქართველოში საქმიანობას. ამ მხრივ, მსურს ხელი შევუწყო ქვეყანაში ინკლუზიური განვითარების მოდელის შემუშავებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების იმგვარი ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ამოცანებს უფრო ეფექტიანად უპასუხებს. ასევე, მიზნად მაქვს დასახული საქართველოში ხელი შევუწყო განვითარების ეკონომიკისა და პოლიტიკის სასწავლო პროგრამის შემუშავებას, რომელიც მოტივირებულ ახალგაზრდებს შესძენს სათანადო ცოდნას და ეთიკურ ხედვას, რაც აუცილებელია ამ სფეროში წარმატების მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები