ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ არაადამიანური მოპყრობის ბერკეტის ამოქმედება გრძელდება

“მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო მანქანის, რეჟიმის მიერ არაადამიანური მოპყრობის ბერკეტის ამოქმედება კვლავ გრძელდება. ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ობიექტი”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

„როგორ იქცევა რეჟიმი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და ეს ყველაზე კარგად გამომჟღავნდა რამდენიმე საათის წინ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოეპარათ და ისე გაეყვანათ გორის ჰოსპიტლიდან. ასევე გამომჟღავნდა რამდენიმე წუთის წინ, როდესაც „კაგებეს” მეთოდით მთავარი ექიმი ნინო გოგორიშვილი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება. მან ნიკა გვარამიას განუცხადა ის, რაც განუცხადა. დღეს ყველას თვალწინ, მთავარ ექიმთან და სუს-სთან ერთად ეს ადამიანი იმყოფებოდა აქ, მედიის წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მათ უკარნახა სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა. ამის მიუხედავად მან მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლებაზე. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის განცხადების გაკეთების დროს გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები და ასევე სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად მეთვალყურეობენ მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში. ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ეს ადამიანი არის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, განადგურებულია ადამიანი. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა გაგრძელდეს წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შელახვა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ასევე იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გაბედა და ნიკა გვარამიას უთხრა, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების და საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გარეშე შეუძლებელია”, – აცხადებს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები