„სამინისტროს სისტემა დეპოლიტიზებულია და ამ კურსიდან გადახვევა არ მოხდება“

2012 წლის ნოემბრიდან სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა დეპოლიტიზებულია და ამ კურსიდან გადახვევა არ მოხდება. მისივე თქმით, პოლიცია საზოგადოებასა და მის საჭიროებებზე ორიენტირებას გააგრძელებს.
“სამინისტოს ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. სამინისტროს სისტემა დეპოლიტიზებულია და ამ კურსიდან გადახვევა არ მოხდება. უცვლელი დარჩება შსს-ს სისტემაში 2013 წელს დამკვიდრებული მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში. პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით. პოლიცია გააგრძელებს საზოგადოებასა და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას.
2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც წინა კანონისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს. მიმდინარეობს და გაგრძელდება პოლიციელთა გადამზადება ახალი ნორმატიული ბაზის შესაბამისად. შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების სწავლება წარმოადგენს“,-განაცხადა ალექსადრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები