საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დოპლომატთან შეხვედრა იყო ნაყოფიერი, სადაც საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროეტებზე აზრები გაცვალეს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ისმენს და პოზიციებს ცვლის.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა. პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. მსჯელობა და დისკუსია, რომელიც ჩვენს პარტნიორთან შეხვედრისას გვქონდა, ასევე ის მოსაზრებები რაც კომიტეტის სხდომაზე იქნება გამოთქმული გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება.

შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პროცესი იქნება ინკლუზიური და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, პროცესში ჩაერთოს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ელჩს კონკრეტული კითხვები ჰქონდა სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტთან დაკავშირებით მათ შორის, კელი დეგნანი დაინტერესდა თუ რატომ ხდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. „ჩვენ ავუხსენით რას ითვალისწინებდა ეს დაჩქარებული წესი, რატომ არის გადაწყვეტილება ასეთი ფორმით მიღებული. ასევე ვუთხარით მას, რომ რეალურად არ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია არამედ, რომ ეს ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას – როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ცალკე მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ცალკე საგამოძიებო სამსახურის. საგამოძიებო სამსახური კიდევ უფრო მეტად აღიჭურვება დამატებითი ფუნქციებით და მოვალეობებით. ჩვენ ჩავედით ძალიან ღრმა დეტალებში კანონპროექტთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩვენ მოვისმინეთ მისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. მე მადლობელი ვარ იმისთვის რომ ელჩი მოვიდა და ჩვენთან ერთად განიხილა კანონპროექტის დეტალები და მისი პოზიცია წარმოგვიდგინა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანის რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად. „გამოთქვით ჩვენი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით კი იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მისი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობს. მათ გაგვცეს პასუხები და ჩაინიშნეს ჩვენი რეკომენდაციები. გარდა ამისა შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისციპლინარულ პროცედურებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებულად შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რომ ეს უნდა იყოს უფრო ფართო, ინკლუზიური პროცესი სადაც იქნება ჩართული სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე და უფრო მეტი ფიქრის და კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თუ რა შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში. ძირითადად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გარკვეულწილად კანონის მიღების პროცესი შენელდეს ან გარკვეულწილად დაპაუზდეს და გაგრძელდეს მუშაობა მას შემდეგ, რაც უფრო ფართო და სრულყოფილი განხილვა და კონსულტაციები იქნება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები