გებრეისუსი – 2021 წლის მიღწევებზე, 2022 წლის გეგმებსა და COVID-19-ის პანდემიის დასრულებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მცირე სტატიით 2021 წელი შეაჯამა, ისაუბრა 2022 წლის გეგმებზე, ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტებსა და კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადებზე.

როგორც გებრეისუსის წერს, COVID-19-ის პანდემიამ არ დაინდო მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, მაგრამ ახლა არსებობს ვირუსის პრევენციისა და მკურნალობის ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.

“დასრულდა კიდევ ერთი რთული წელი. ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამისთვის გადავუხადოთ მას  მადლობა. COVID-19-ის პანდემიამ არ დაინდო მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ვირუსის პრევენციისა და მკურნალობის ინსტრუმენტების ფართო სპექტრი. მთლიანობაში, მსოფლიოში უკვე გაკეთებულია  ვაქცინის 8,5 მილიარდზე მეტი დოზა – ამის წყალობით, მილიონობით სიცოცხლე გადარჩა. ასევე, შემუშავებულია მკურნალობის ახალი მეთოდები, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილიანობა.

მაგრამ ეს არ გამორიცხავს გარკვეული სახის „ნაციონალიზმს“, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინების გადაჭარბებული მარაგების გამო სამართლიანობის პრინციპი დაირღვა და “ომიკრონის” შტამის გაჩენისთვის იდეალური პირობები შეიქმნა. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს დაირღვევა ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ვირუსი ტრანსფორმაციას განაგრძობს და ჩვენ ვერც ვიწინასწარმეტყველებთ და ვერც ავიცილებთ ამ ცვლილებებს. უსამართლობის შეწყვეტით, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ პანდემია.

COVAX პლატფორმის მექანიმიზმის მეშვეობით, ჯანმო და მისი პარტნიორები ეხმარებიან, ვაქცინები, ტესტები და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში. ახლა, როდესაც შევდივართ პანდემიის მესამე წელიწადში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წელი, როდესაც მას დავასრულებთ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ.

გარდა COVID-19-ით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობისა, ეს პანდემია საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობის ორი ათწლეულის პროგრესს. მაგალითად, მილიონობით ადამიანს არ აქვს წვდომა გეგმურ ვაქცინაციაზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, გადამდები და არაგადამდები დაავადებების მკურნალობაზე და სხვა.  მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები და პროგრესი. მაგალითად, ჯანმო-მ რეკომენდაცია გაუწია მსოფლიოში მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებას, რომელიც, ფართოდ და სასწრაფოდ დანერგვის შემთხვევაში, ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. კიდევ ერთი გამოწვევაა  პოლიომიელიტის აღმოფხვრა და ის არასოდეს ყოფილა ისე ახლოს გადაჭრასთან, როგორც ახლა, რადგან დარჩენილ ორ ენდემურ ქვეყანაში ამ დაავადების მხოლოდ ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამავდროულად, ჯანმო და ჩვენი პარტნიორები რეაგირებენ საგანგებო სიტუაციებზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ებოლასა და მარბურგის ახალ აფეთქებებზე. ამის პარალელურად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კლებულობს.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მსოფლიოს მოემზადოს მომავალი ეპიდემიებისა და პანდემიებისთვის, ჩვენ შევქმენით ჯანმო-ს ბიოცენტრების ახალი სისტემა, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ, გაცვალონ უახლესი ბიოლოგიური მასალები. ჩვენ ასევე გავხსენით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიისა და ეპიდემიის საინფორმაციო ცენტრი ბერლინში, რომ გამოვიყენოთ უახლესი სამეცნიერო მონაცემები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობისა და რეაგირებისთვის.

პანდემიის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც დაემუქრება ადამიანებს მთელს მსოფლიოში მომავალ წელს. აქ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჯანმო გააგრძელებს მუშაობას ყველგან, რომ დაიცვას და ხელი შეუწყოს ყველა ადამიანის ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში.

ახალ წელს მოაქვს ახალი გადაწყვეტილებები და იმედები. ჩემი კი ასეთია და მიმართულია მთელი მსოფლიოსთვის: პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა დავასრულოთ პანდემია. ეს მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ, ერთობლივი ძალისხმევით, მიაღწიოს გლობალურ მიზანს, რათა მოხდეს მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია 2022 წლის შუა რიცხვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა გააგრძელონ მიზნობრივი ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ზომების განხორციელება, როგორიცაა ტესტირება, ვირუსის ვარიანტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ყოველგვარი ცენზურის შიშის გარეშე.

ჩვენ, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი ნიღბების ტარებით, სოციალური დისტანციის დაცვით, ხალხმრავლობის თავიდან აცილებით და მეგობრებთან შეხვედრით გარეთ ან კარგად ვენტილირებად ადგილას, სადაც ეს შესაძლებელია.

მეორე, ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანდაცვის უსაფრთხოების უფრო ძლიერი სისტემები მთელ მსოფლიოში. 2022 წელს ქვეყნები პანდემიის დასაძლევად გლობალური შეთანხმების მიღწევის ფლობალურ განხილვას დაიწყებენ, რაც ხელს შეუწყობს მმართველობისა და დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებას, ისევე – როგორც იმ სისტემებისა და ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომლებიც მსოფლიოს სჭირდება ეპიდემიებისა და პანდემიების თავიდან ასაცილებლად, მათთვის მოსამზადებლად, მათი გამოვლენისა და რეაგირებისთვის.

და მესამე, ყველა ქვეყანამ უნდა ჩადოს ინვესტიცია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ  ჯანმრთელობის სერვისები ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. COVID-19-ის პანდემიამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის საფრთხე ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს უქმნის საფრთხეს.

სწორედ ამიტომ, ჯანმო გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, უსაფრთხო სამყაროს შესანარჩუნებლად და მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობისთვის.

ვუსურვებ ადამიანებს მთელს მსოფლიოში ძალიან ბედნიერ, უსაფრთხო და, რაც მთავარია, ჯანსაღ 2022 წელს”, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები