საკომიტეტო სხდომის ფორმატში, დეპუტატები ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტს გაეცნენ

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს, რომელმაც ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარეებმა სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში, საქართველო წარმატებული ქვეყანაა, ამას განაპირობებს ის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ.

ჩვენი ეროვნული კონტრტერორისტული მექანიზმების პროდუქტიულობა და შედეგიანობა სახეზეა, რაც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში და იმ საფრთხეების ტერორისტულ დანაშაულად რეალიზების პრევენციაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევის სხვადასხვა მიმართულებები და კონკრეტული აქტივობები წარმოდგენილია 2019-2021 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტს და სამოქმედო გეგმას ვადა ეწურება, იგეგმება 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცება”, – აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა უწყებათაშორის კომისიაში დამუშავდა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს და სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყებაა წარმოდგენილი. კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა იმ ინიციატივისთვის, რაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისთვის აღნიშნული პროექტის გაცნობას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტრატეგიის პროექტის კომიტეტებში წარდგენა და დეპუტატებისთვის მისი გაცნობა პარლამენტთან სწორ კომუნიკაციას და კარგ თანამშრომლობას გულისხმობს.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომხსენებელმა სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია, დახურულ ფორმატში წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები