“ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ქმედებები დამოკიდებული იქნება არა გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესზე, არამედ – რუსეთის ფედერაციის უპირობო უსაფრთხოების მოთხოვნების საფუძვლებიდან გამომდინარე დღეს და მომავალში”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი “მოატყუეს, თავხედურად გააცურეს”, როდესაც 1990-იან წლებში დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, სსრკ-ის დაშლის შემდეგაც კი, დასავლეთი „რუსეთის ფედერაციას ძალიან დიდად მიიჩნევს“.
პუტინი ამბობს, რომ ახლა სწორედ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები და არა – პირიქით.
„უბრალოდ, ჩვენ პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს არანაირი მოძრაობა არ უნდა იყოს. ბურთი მათ მხარესაა, მათ უნდა უპასუხონ. ზოგადად, ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ რეაქციას“, – განაცხადა მან.
პუტინმა ასევე დასძინა, რომ წლის დასაწყისში ჟენევაში ალიანსის წარმომადგენლებთან დისკუსიაა მოსალოდნელი.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა მკვეთრად ისაუბრა შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე მოსკოვის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს.
”წადით თქვენი შეშფოთებით. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნია“, – განაცხადა პუტინმა.