გია ვოლსკი: “დასავლური მანიფესტი” ძალიან ირონიულად ჟღერს სააკაშვილის პირიდან, თუ უფრო მძიმედ არა
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის წერილს გამოეხმაურა – სახელწოდებით “დასავლური მანიფესტი”, რომელიც მესამე პრეზიდენტის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
“თავად სათაური “დასავლური მანიფესტი” ძალიან ირონიულად ჟღერს სააკაშვილის პირიდან, თუ უფრო მძიმედ არა, ვინაიდან ყველაფერი, რაც კი დასავლური იყო, ფეხქვეშ გათელა და იავარქმნა. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს თუ შევეხებით, რუსეთის ინტერესები იყო ამიერკავკასიაში სამხედრო დამკვიდრება, ამის საწინააღმდეგო გეგმას რომ დახევ, იმ ფორმატებს რომ დაანგრევ, რომელიც შეგიქმნა დასავლეთმა, რუსეთს რომ საშუალებას მისცემ და ამ საშუალებას კიდევ ხელმოწერით გაუმართლებ, რომ ის არის სწორი და არა ჩვენ, ამას არ ჰქვია დასავლური პოზიცია და განსაკუთრებით არაფერი დასავლური არ არის იმაში, როცა ადამიანს აწამებ და ამის შესახებ არათუ იცი, ამის ორგანიზებას აკეთებ და ეს გაქვს სისტემური მექანიზმად სახელმწიფოს მართვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.