ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის ორგანიზებით მიმდინარე პროცესს მნიშვნელოვანია, რომ შანსი მივცეთ
“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესში პრეზიდენტის მზაობა მნიშვნელოვანია.
„შეხვედრის ფარგლებში, უფრო დეტალურად მოვისმინე პრეზიდენტის ხედვა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი და რა უნდა იყოს მთავარი მიზანი, ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, წარიმართოს ეს პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ამოცანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ იქნება ამის მიღწევა მარტივი, მაგრამ ამოცანა არის დავინახოთ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანას ერთ წრეზე ატრიალებს.
ეს არის დიდი პროცესი, რომელსაც სჭირდება სწორად დაგეგმვა, გააზრება და წარმართვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მზაობა, რომ ეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი იყოს. ეს არავითარ შემთხვევაში ჩაკეტილი პროცესი არ უნდა იყოს ან პროცესი, რომლის შესახებაც კულუარულ ინფორმაციებს იგებს ვინმე. ეს უნდა იყოს ღია პროცესი. ეს პროცესი არ იქნება ერთ-ორი კვირის ან ერთი-ორი თვის პროცესი. არ ვიცი, რამდენხნიანი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შანსი მივცეთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.