სოზარ სუბარი: პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა აბსურდია
„შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის ფორმაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისთვის შიმშილობა აბსურდია.
„შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია, თუმცა, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაც ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს, სრული აბსურდია ამგვარი რამისთვის შიმშილობა. ეს არ მომხდარა არასდროს, არსად მსოფლიოში და არ მოხდება. არსად არაა, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს. შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი მომავალი. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობას ან უკვე მონაწილეობს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.