თალაკვაძე – თემურ ალასანიაზე: ჩამოვიდა მუქარით, რომ თუ სააკაშვილის მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური მეგობრები უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავლენ, ყველას დაფინანსება შეუწყდება
“როგორც ჩანს, თემურ ალასანია ჩამოვიდა იმ ინსტრუქციითა და მუქარით, რომ თუ სააკაშვილის მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური მეგობრები უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავლენ და თავს არ „გაწირავენ“ მაშინ ყველას დაფინანსება შეუწყდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული მასობრივი შიმშილობა საეჭვოდ ემთხვევა ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას.
„როგორც ჩანს, თემურ ალასანია ჩამოვიდა იმ ინსტრუქციით და მუქარით, რომ თუ სააკაშვილის მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური მეგობრები უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავლენ და თავს არ „გაწირავენ“, მაშინ ყველას დაფინანსება შეუწყდება, მათ შორის, ტელევიზიებსაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა ასევე აკეთებდა საყვედურისშემცველ განცხადებებს, სადაც ის უკმაყოფილო იყო სააკაშვილის მეგობრებისა და მისი მხარდამჭერების ინდიფერენტულობით.
ეს პროცესი საეჭვოდ ემთხვევა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლის, თემურ ალასანიას ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის ბიძა და ასევე საეჭვოდ ემთხვევა ოპოზიციის მიერ მართულ ტელევიზიებში ფინანსურ კრიზისს და იმ ხმებსა და საუბრებს, რაც უკვე ამ ტელევიზიებიდან საჯაროდ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.