გიგი უგულავა: სუბარის რეკომენდატორი ვიყავი, ვაღიარებ, შევცდი, ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე
“როდესაც ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობა პროტესტის ძალიან მძიმე ფორმაა.
„ძალიან მძიმე აქტია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ეს, რადგან უამრავი ადამიანი დღეს შიმშილობს და თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს ერთი მოთხოვნის გამო, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ, არ მესმის, როდესაც ხარ ადამიანი და მეორე ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება. ეს რა ადამიანობაში ჯდება, საერთოდ არ მესმის. განსაკუთრებით, გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის, როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს. ჩემთვის პერსონალურად სამწუხაროა, თავის დროზე ეს რომ ომბუდსმენი გახდა, მე მხარი მაქვს დაჭერილი და ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი. უნდა ვაღიარო, შევცდი ადამიანურად, თორემ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება, ასეთი რაღაც იკადრო, რაც არ უნდა გეზიზღებოდეს. ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე და შენი პოლიტიკური მესიჯი თქვი. ასეთი რამ ველურობის მანიშნებელია, – განაცხადა გიგი უგულავამ.