თინა ბოკუჩავა: შიმშილობის დაწყება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ვერავის დაავალდებულებ

“ყველასთვის ყველა ბრძოლის მეთოდი მისაღები არ იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანებმა პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა აირჩიეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად დაყრუებულია, გააგონონ ჩვენი ხმა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

„მოშიმშილეთა მიზანია, შეამეცნონ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანოა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში, როდესაც მას აწამებენ და ის ხდება არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს საზიანოა არა მხოლოდ მისთვის, არამედ – ჩვენი ქვეყნისა და ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის. ეს არ ესმის ივანიშვილს და ადამიანებს უწევთ, რომ პროტესტის ასეთი მძიმე ფორმა გამოიყენონ, რათა გააგონონ ჩვენი ხმა ივანიშვილის რეჟიმს. შიმშილობის დაწყება არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მდგრადობის კალკულაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ, ვერავის დაავალდებულებ. ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო, ეს არის თითოეული მოშიმშილის პირადი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები