რა გახდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ქალი ერთი თვის წინ დაოჯახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ.
“ძალიან მძიმე ამბავია. 1 თვის წინ დაოჯახდა. ოჯახში პრობლემა არ ჰქონიათ. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდა. არავინ იცის, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ არხში ჩავარდა. ვინმემ ჩააგდო თუ თავი მოიკლა, არ ვიცით”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცხედარი გარდაცვლილის ახლობელმა სახლთან ახლოს, წყლის არხში ნახა. სოფელ ცურტავის მცხოვრებლები თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.
“არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა გოგო არხში. შეიძლება, თვითონ გადახტა წყალში, რადგან ფეხსაცმელები იქვე იყო”, – ამბობს გარდაცვლილის თანასოფლელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.