პრემიერი: ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გვიან ღამით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები