გიგი უგულავა: სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეისთვის დაგეგმილ საახალწლო მიღებას გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკური პარტიები არიან მიწვეული.
„ის, ვინც არ მიდის, არ მიდის არა ბოიკოტის გამო, არამედ იმის გამო, რომ სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის. მეორე მხარე, ვინც მიდის, იმის არგუმენტია, რომ რაღაცნაირად ყინული თუ გინდა დაიძრას და შემდეგი იყოს ლაპარაკი, მანამდე ხელი უნდა ჩამოართვა. ამ არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება. ამიტომ, ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა თავისუფალი რეჟიმი. ამ შემთხვევაში, ნაძვის ხეზე არც წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება. თავად პროცესს რაც შეეხება, ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება ერთადერთი ის სიტყვა იყოს, რომელიც ამ შემთხვევაში რელევანტურია, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, რა უნდა, ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ზოგადად, განზრახვა საჭირო და დროულია, იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ უფსრკულის წინაშე დგას ქვეყანა”, – განაცხადა უგულავამ.