სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე კონფლიქტის პროცესში, “France 24”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ეს კონფლიქტი მოსკოვთან არასწორად იყო მართული თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირის მიერ? ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ნიკოლა სარკოზიმ, ევროკავშირის საბჭოს მაშინდელმა პრეზიდენტმა აღნიშნულ კონფლიქტში სასარგებლო როლი შეასრულა.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებდი, რომ ამ კონფლიქტში ნიკოლა სარკოზიმ სასარგებლო როლი შეასრულა, რომელსაც სხვა ვერავინ შეძლებდა; მოსკოვი, რომელიც იმ დროს ორთავიანი იყო, პუტინი და მედვედევი – ორივენი იყვნენ სათავეში, არავინ და არცერთი მათგანი არ აიღებდა თავის თავზე ბრძანების გაცემას სამხედროებზე, რომ შეეწყვიტათ საქართველოში შემოჭრა და დედაქალაქში შემოსვლა. მე მჯერა, რომ მან [სარკოზიმ] თავისი როლი ითამაშა, ცხადია, კონფლიქტი ვერ გადაჭრა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე – დაუშვა თუ არა შეცდომები ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ “მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის”.
“მან არ მოუსმინა გაფრთხილებებს. არ მოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების მუდმივ გამეორების, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ საქართველოში, რომლებიც იმ დროს საკმაოდ იყვნენ ჩართულნი და, უპირველეს ყოვლისა, ამბობდნენ, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის.
არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.