ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი – მშპ-ს 9.1% დაიხარჯება
2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი – მშპ-ს 9.1% დაიხარჯება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.
ჯამურად, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის:
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც:
o 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;
o 300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
o 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;
o 240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;
o ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში;
• საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;
• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი;
• მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი;
• ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.