ლაშა ხუციშვილი: ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება
“ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მიზანია, 2024 წლისთვის მთავრობის ვალი ჩამოსცდეს მშპ-ს 50 პროცენტს.
„ამ მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენ 2022 წელს დეფიციტი 4.2, ხოლო 2023 წელს 3 პროცენტის დონეზე გვაქვს დაგეგმილი. დეფიციტის ამგვარი შემცირების შედეგად, 2023 წლიდან კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 7 პროცენტამდე მცირდება.
კაპიტალური ხარჯების ეს დონე, დაახლოებით, 1 პროცენტით ნაკლებია ჩვენი ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებელზე. კაპიტალური ხარჯების ეს დანაკლისი ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავაკომპენსიროთ უკეთესი პრიორიტეტების გამოკვეთით და დავაფინანსოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა დამატებით არადეფიციტური რესურსის მოძიებაზე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.