ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად ჩაითვლებიან იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პირველი მოსმენის შედეგად კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა. კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის პასუხად კი, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვა მსგავსი კატეგორია პირთა ჯგუფისა არ არის იდენტიფიცირებული და ამ ცვლილებების შედეგად, ამიერიდან სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ადამიანი, ვინც ამას იმსახურებს, მიიღებს აღნიშნულ სტატუსს.
„მივმართავ ყველას, რომელთა დაქვემდებარებულ უწყებებში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარემოებათა გამოისობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფოს მფარველობის და მზრუნველობის სფეროში, გამოიყენონ ანალოგიური შანსი მომავლისთვის მაინც, რათა იმ ადამიანებს, თუ კიდევ არიან ასეთი, ვინც კანონის მოქმედების სფეროს მიღმა დარჩა, სატანადო პატივი მიაგოს სახელმწიფომ. ყველა უნდა გრძნობდეს მზრუნველობას ჩვენგან. მათ თავი გადადეს თავისი ქვეყნის ძლიერებისათვის, თავდაცვისათვის და ამ ხალხს ყველას უნდა დაუფასდეს მათი შრომა”, – განაცხადა სხდომის წამყვანმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით იხილება. პარლამენტი კანონპროექტს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მეორე მოსმენით უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კანონის ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვარია განსაზღვრული.