არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი არგენტინის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მეგობრობის ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოყალიბდა ურთიერთობები, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. დღეს გამართული შეხვედრა იყო ჩვენი წინა შეხვედრების გაგრძელება არგენტინის სენატორთან, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით შედგა. საუბარი შეეხება პარლამენტის ტრანსფორმაციას, ასევე, ორი ქვეყნის პოლიტიკური რეფორმის საკითხებს, ენერგეტიკას, ვაჭრობას, ბიზნესის კავშირებს ასევე, გარემოს დაცვას და ყველაფერთან ერთად, კულტურულ ურთიერთობებს და დიპლომატიას. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა გვქონდეს არგენტინის პოლიტიკურ წრეებთან, ვინაიდან ისინი დიდ როლს ასრულებენ დიპლომატიაში, არაღიარების პოლიტიკაში. გვინდა რომ ამას დავამატოთ კულტურული, სავაჭრო და სხვა ურთიერთობები”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მხარეები გაცვლით ვიზიტებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  – ირაკლი ბერაია და დავით ბაქრაძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები