თეა წულუკიანი – „მძლეოსნობას სპორტის სამინისტროსგან მეტი ყურადღება ექნება”
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზოგიერთი ქართველი მძლეოსნის ასპარეზობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, კარგია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 5-მა ქართველმა მძლეოსანმა მოიპოვა, თუმცა, მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია და მომავალში ამ კომპონენტს, მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზების ამ მიზნით გამოსწორებას, მეტი ყურადღება დაეთმობა. მოგეხსენებათ, ტოკიოში წარმოდგენილი 5 სპორტსმენიდან ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. დანარჩენი 4 სპორტსმენიდან ხელშესახები შედეგი ბირთვის მკვრელმა – გიორგი მუჯარიძემ აჩვენა. სხვა მძლეოსნების ასპარეზობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფედერაციებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური გამჭვირვალობა და ხარისხი. მძლეოსნობის ინფრასტრუქტურის განვითარებას კი დიდი ყურადღება დაეთმობა.