კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს – მან ხმების 100% მიიღო

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა და პაატა გურასპაულმა სანიკიძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ყრილობას 39 დელეგატი დაესწრო და სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.

პაატა გურასპაულმა გაწეული მუშაობის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა ევრობასკეტის მასპინძლობაზე. მან ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

„მთავრობის ხელშეწყობით, კალათბურთის ფედერაციის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. იყო დრო, არათუ მასპინძლობა, ამ შეჯიბრებაზე მოინაწილეობაც სანატრელი გვქონდა. ევრობასკეტზე ჩამოვალენ გულშემატკივრები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, რაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა გურასპაულმა.

ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, ის ეცდება კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოიძიოს.

„მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემი მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“, – თქვა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები