თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი გაიხსნა

11 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო წიგნის პირველი პირველ ფესტივალი გაიხსნა. 12 დეკემბერს, 18 საათზე, დაგეგმილია საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ეწვია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე. იგი მოწვეული ექსპერტის სტატუსით დააკვირდება კონკურსის მსვლელობას და გასცემს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში საბავშვო ილუსტრაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე, ფასდაკლებებს სთავაზობენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.
ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა.
„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ.
პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები