მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი შაბათს იმსჯელებს

მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტში შაბათს იმსჯელებენ. მანამდე კი მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები საკომიტეტო სხდომებზე მოუსმენენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს ერთხმად დაუჭერენ.
„ჩვენ ვემზადებით, რომ მათ მოვუსმინოთ საკომიტეტო ფორმატში. ახალი კანდიდატები განიხილება და შემდეგ იქნება ნდობის გამოცხადება. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უმრავლესობის ნდობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განხილვაც საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა პარლამენტის უმრავლესობის ნდობის მანდატს მიიღებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებენ.
„ჩვენთვის კანდიდატებს და მათ ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს . ჩვენი გადმოსახედიდან ამ მთავრობას აქვს ძალიან არასწორი პოზიცია საგარეო პოლიტიკის კუთხით. მათ ვერ გაურჩევიათ, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი. სახელებს და გვარებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა არის არასწორი პოზიცია და მიდგომები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ დაუჭერთ მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები